სიახლეები

დინამოს ექიმის კომენტარი კვარას ტრავმაზე

ხვიჩა კვარაცხელია და დინამოს ექიმი

ხვიჩა კვარაცხელია – ოპერაცია ჩატარდა, რეაბილიტაცია იწყება

ხვიჩა კვარაცხელიამ დოჰაში მუხლის მძიმე ოპერაცია წარმატებით გაიკეთა და აღდგენის გრძელ გზას დაადგა. როდის დაბრუნდება ქართველი ვარსკვლავი მოედანზე?

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბარსელონასთან“ (4:2) მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო. ტრავმა 59-ე წუთზე, ჩავი ესპარტთან ორთაბრძოლისას მოხდა — ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა.

მეორე დღეს პსჟ-მ დიაგნოზი ოფიციალურად დაადასტურა: წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა. 27 ოქტომბერს კი კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, კლინიკა „ასპეტარში“ წარმატებით ჩაუტარდა და მან სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო.

ოპერაციის დეტალებზე საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ ისაუბრა, რომელსაც ფეხბურთელთან ყოველდღიური კავშირი აქვს.

„ტრავმის მიღებისთანავე, გასახდელშივე გვქონდა კომუნიკაცია, ასევე მეორე დღესაც — სანამ MRI-ს გაიკეთებდა და დადასტურდებოდა, რომ წინა ჯვარედინი იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება იყო“, — ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, ქირურგიულმა ჩარევამ უპრობლემოდ ჩაიარა: „ოპერაცია გაკეთდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თავს კარგად გრძნობს. მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვიცი დეტალები — რა ტიპის ოპერაცია გაკეთდა და რა მეთოდით. თუმცა, სუბორდინაციიდან გამომდინარე, რადგან ჯერ თავად პსჟ-ს არ გაუხმოვანებია, ამიტომ მეც თავს შევიკავებ“.

ექიმის განმარტებით, პირველ ეტაპზე კვარაცხელია დოჰაში დაახლოებით ერთ კვირას დარჩება, შემდეგ კი პარიზში დაბრუნდება და აღდგენას იქ გააგრძელებს.

რამდენად რთულია აღდგენის პროცესი? 

ნაკრების ექიმის თქმით, სწორედ პირველი ეტაპია ყველაზე რთული: „პირველი ეტაპი მოიცავს შეშუპების კონტროლს და ფეხის მოხრა-გაშლის ამპლიტუდის ნელ-ნელა გაზრდას. არის ე.წ. პასივ-მოუშენ თერაპია — სპეციალური აპარატი, რომელიც მუხლს სხვადასხვა გრადუსზე ნელ-ნელა ხრის და შლის, ყოველდღიურად კი ეს მაჩვენებელი იმატებს“.

მოგვიანებით, როცა ტკივილი და შეშუპება გაქრება, ფეხბურთელი ყავარჯნებს გადადებს და უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. „აქტიური რეაბილიტაცია დაახლოებით ორთვენახევრიდან-სამი თვიდან იწყება — როცა უკვე შეგიძლია ძუნძული, სწრაფი სიარული და ველოსიპედით ვარჯიში“, — აღნიშნავს ხარაბაძე.

ასეთი ტრავმის შემთხვევაში სრული აღდგენა, ჩვეულებრივ, 7-9 თვეს საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია 2026/27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს, სავარაუდოდ, გამოტოვებს და მოედანზე 2027 წლის ზაფხულისთვის დაბრუნდება.

რეაქციები 

ტრავმის შემდეგ კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ თავში ერთი ფიქრი მიტრიალებს — რატომ მე?.. მზად ვარ, ეს თვეები შრომით, ტკივილითა და ცრემლებით გავიარო. ვიცი, უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე“.

მხარდაჭერა მისმა კერპმა, კრიშტიანუ რონალდუმაც გამოუცხადა: „ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომელსაც ვერავინ ხედავს. ვიცი ეს განცდა, ხვიჩა. შენი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა“.

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კი აღნიშნა, რომ კვარა „მებრძოლია“ და ამ ტრავმის დაძლევის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება.

რას კარგავენ პსჟ და ნაკრები

პარიზელებისთვის ეს მძიმე დანაკლისია — გასულ სეზონში კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საქართველოს ნაკრები კი კაპიტანის გარეშე რჩება ერების ლიგის ნოემბრის მატჩებში უნგრეთისა (14 ნოემბერი, თბილისი) და უკრაინის (17 ნოემბერი) წინააღმდეგ.

GeoArchnemesis ·

ითამაშე ფენტეზი Fight Night Fantasy-ზე.

სტატიის გაზიარება

🟢 WhatsApp-ით გაგზავნა ✈️ Telegram-ით გაგზავნა